მეგობართა საზოგადოების მიზნები

Author: The Friends of National Centre of Manuscripts /


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ქართული და არაქართული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ. ცენტრში დაცული კოლექცია მოიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, ასტროლოგიის, მათემატიკის, მოგზაურობის, სამართლისა და სხვა დარგების უიშვიათეს ეგზემპლიარებს, ლექსიკონებს, აგიოგრაფიას, სამკურნალო წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურასა თუ ბიბლიურ ტექსტებს. ცენტრში თავმოყრილია V-XIX საუკუნეების ათი ათასამდე ქართული და ოთხი ათასამდე უცხოური (არაბული, სპარსული, თურქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიული, ეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) პალიმფსესტური ფურცელი თუ ხელნაწერი; ქართველ მწერალთა პირადი არქივები; გრიგოლ წერეთლის უნიკალური პაპირუსების კოლექცია; საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცული ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები და მიკროფირები; პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - იტალიურ ქართული ლექსიკონი (1629წ.);  ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709წ.); დავითნი (1711წ.); შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა და სხვ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების მიზანია ხელმნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; მათი კვლევისათვის ხელშეწყობა; ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და პროექტების პოპულარიზაცია; მომავალი თაობებისათვის ქვეყნის კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება; ცენტრისათვის ფინანსური, ტექნიკური და საორგანიზაციო ხასიათის დახმარებისა და მომსახურების გაწევა; ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზაცია და ჩატარება და სხვ.





0 comments:

Post a Comment

Powered by Blogger.