ხელნაწერთა ცენტრის უცხოენოვანი ფონდები

Author: The Friends of National Centre of Manuscripts /


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ. ცენტრში დაცული კოლექცია მოიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, ასტროლოგიის, მათემატიკის, მოგზაურობის, სამართლისა და სხვა დარგების უიშვიათეს ეგზემპლიარებს, ლექსიკონებს, აგიოგრაფიას, სამკურნალო წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურასა თუ ბიბლიურ ტექსტებს.

გელათის ოთხთავი

Author: The Friends of National Centre of Manuscripts /


გელათის ოთხთავი განუმეორებელია თავისი გაფორმებით, დეკორის სიუხვით, ოქროს დაფერილობით, საფერწერო ტექნიკის თვალსაზრისით და 276 მინიატურით. იგი შექმნილია სირიაში შავი მთის კალიპოსის მონასტერში. მეთორმეტე საუკუნის ამ ძეგლის მინიატურები შესრულებულია ფურცლოვანი ოქროს ფონზე სამი სხვადასხვა მხატვრის  მიერ. ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვებით დამშვენებული ვერცხლით მოჭედილი ყდა დამზადებულია მეთვრამეტე საუკუნეში და მასზე გამოსახულია „ჯვარცმა“ და „ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა“.
გახდით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი. ერთად მოვუაროთ ჩვენს კუტურულ მემკვიდრეობას: http://www.manuscript.ge/index.php?m=864



ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასი (1742-1743წწ.)

Author: The Friends of National Centre of Manuscripts /


თავისი დროის უდიდესი მეცნიერის, მკვლევარის, ისტორიკოსის, კარტოგრაფისა და გეოგრაფის, ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ძის, ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიული ატლასი (1742-1743 წწ.) მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. იგი მაღალ დონეზე შერულებული 19 რუკისაგან შედგება და მასზე გამოსახულია რელიეფი, ჰიდროქსელი, ქალაქები და სხვ. თვალსაჩინო ნაგებობები. XVIII-XIX საუკუნეების გამოჩენილი ევროპელი კარტოგრაფები კავკავიის რეგიონის აღწერისას ვახუშტი ბატონიშვილის რუკებით სარგებლობდნენ.
გახდით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წევრი. ერთად შევინახოთ ჩვენი კულტურული საგანძური:  http://www.manuscript.ge/index.php?m=864


მეგობართა საზოგადოების მიზნები

Author: The Friends of National Centre of Manuscripts /


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ქართული და არაქართული ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნთსაცავებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური: მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები, მემორიალური ნივთები და სხვ. ცენტრში დაცული კოლექცია მოიცავს ისტორიის, გეოგრაფიის, ასტროლოგიის, მათემატიკის, მოგზაურობის, სამართლისა და სხვა დარგების უიშვიათეს ეგზემპლიარებს, ლექსიკონებს, აგიოგრაფიას, სამკურნალო წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურასა თუ ბიბლიურ ტექსტებს. ცენტრში თავმოყრილია V-XIX საუკუნეების ათი ათასამდე ქართული და ოთხი ათასამდე უცხოური (არაბული, სპარსული, თურქული, რუსული, სომხური, ბერძნული, ფრანგული, გერმანული, ლათინური, ებრაული, პოლონური, ინგლისური, ჩეხური, სირიული, ეთიოპიური, მონღოლური და სხვ.) პალიმფსესტური ფურცელი თუ ხელნაწერი; ქართველ მწერალთა პირადი არქივები; გრიგოლ წერეთლის უნიკალური პაპირუსების კოლექცია; საქართველოსა და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებსა და კერძო კოლექციებში დაცული ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების ფოტოასლები და მიკროფირები; პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი - იტალიურ ქართული ლექსიკონი (1629წ.);  ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი სახარება (1709წ.); დავითნი (1711წ.); შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პირველი გამოცემა და სხვ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების მიზანია ხელმნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; მათი კვლევისათვის ხელშეწყობა; ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და პროექტების პოპულარიზაცია; მომავალი თაობებისათვის ქვეყნის კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება; ცენტრისათვის ფინანსური, ტექნიკური და საორგანიზაციო ხასიათის დახმარებისა და მომსახურების გაწევა; ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზაცია და ჩატარება და სხვ.





ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება

Author: The Friends of National Centre of Manuscripts /


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება 2010 წლის 28 ოქტომბერს დაარსდა. როგორც დამოუკიდებელი, არაკომერციული გაერთიანება, თავის რიგებში აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს: მეცნიერებს, ბიზნესმენებს, პოლიტიკოსებს, კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეებს, უბრალო მოქალაქეებსა და სტუდენტებს. მეგობართა საზოგადოება მხარს უჭერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს და ფინანსურ, ტექნიკურ თუ საორგანიზაციო სახის დახმარებას უწევს მას მიმდინარე პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების ჩატარება-განხორციელებაში.
უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და მუზეუმების მეგობართა საზოგადოებებისა და კავშირების ტიპის ორგანიზაციები და მათთან თანამშრომლობის პრაქტიკა ფართოდაა გავრცელებული და დანერგილი თანამედროვე მსოფლიოში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება კი საქართველოში დაფუძნებული და მოქმედი მსგავსი ხასიათის პირველი გაერთიანებაა.
ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს და აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არსებულ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებთან, მუზეუმებთან, სასწავლებლებთან, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან, თბილისისა და ბათუმის მერიებთან და მთელ რიგ სხვ. ორგანიზაციებთან. 

Powered by Blogger.